სახელმწიფო ენები საქართველოში (ქართული ენა, აფხაზური ენა): პრობლემები და პესპექტივები
საკვანძო სიტყვები:
აფხაზური, ქართული, ენობრივი პოლიტიკაანოტაცია
საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, ”საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური”. ეს იურიდიული სტატუსი თავისთავად განაპირობებს იმ აუცილებელ ვალდებულებებს, რაც ქართული სახელმწიფოს წინაშე ავტომატურად წარმოიშობა ამ ორი ენის მიმართ. მართალია, ქართული და აფხაზური ერთმანეთის მონათესავე ენებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განსხვავდებიან არა მარტო ფონემატურ-ფონეტიკური, გრამატიკული და ლექსიკური სტრუქტურით, არამედ ფუნქციონირების მასშტაბებით, წერილობითი ტრადიციის ხანგრძლივობით, სამწიგნობრო ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი კომპონენტებითა და თუნდაც მოსახლეობის დამოკიდებულებით მათ მიმართ. ქართული ენა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სამწიგნობრო ენაა: მასზე დამწერლობა დოკუმენტირებულია არა უგვიანეს V საუკუნის პირველი ნახევრისა, ხოლო აფხაზურ ენაზე დამწერლობა მხოლოდ 1862 წელს შეიქმნა; ქართულ სამწიგნობრო ენას, ღვთის ნებით, უპირატესად წილად ხვდა არსებობა და ფუქციონირება კულტურულად განვითარებული დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებში. მეტიც, ქართული ტრადიციის თანახმად, თვით ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა ძვ.წ. III საუკუნეში მეფე ფარნავაზის ბრძნული გადაწყვეტილებით პირდაპირ დაუკავშირდა ენობრივ საკითხს _ ერთიან სახელმწიფოს ჰაერივით სჭირდებოდა ერის გამაერთიანებელი ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიცაა ზოგადეროვნული სახელმწიფო ენა, რის გათვალისწინებითაც გააბატონა ქართული ენა მეფე ფარნავაზმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. აფხაზებს (აფსუებს) კი საკუთარი სახელმწიფო არასოდეს ჰქონიათ და საჭიროების შემთხვევაში წერისათვის იყენებდნენ სხვის სამწიგნობრო ენას: ჯერ ქართულს, შემდგომ თურქულსაც, მოგვიანებით რუსულსაც.
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .