მედიაციის პროცესში ადვოკატის მიერ კლიენტის საუკეთესო ინტერესის დაცვისა და თვითგამორკვევის პრინციპთა ურთიერთმიმართება
საკვანძო სიტყვები:
მედიაცია, ადვოკატი, ადვოკატის მონაწილეობის სახეები, მხარეთა ინტერესი, ინტერესთა სახე და კატეგორიები, თვითგამორკვევა, კეთილსინდისიერების პრინციპი, კეთილსინდისიერი მონაწილეობა, თხოვნა, რეკომენდაცია, მოთხოვნა.ანოტაცია
მედიაცია მხარეთა ინტერესებზე ორიენტირებული მოლაპარაკების პროცესია, რომლის მიზანი სწორედ მხარეთა მოლოდინების განხორციელების ხელშეწყობაა. იმისთვის, რომ მედიაცია მხარეთათვის დავის გადაწყვეტის ეფექტური და დროული საშუალება აღმოჩნდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა ინტერესების დადგენას, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მედიატორის, ისე ადვოკატის უშუალო ჩართულობა. ადვოკატის მიერ მედიაციის პროცესში მხარის წარმოდგენისას მან უნდა გამოიკვლიოს კლიენტის ინტერესები და მისცეს მას ნორმატიული ფარგლები. სწორედ ამ პროცესში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მხარეთა თვითგამორკვევა, უფლება, რომ მხარეებმა ისარგებლონ კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული შესაძლებლობით. აღსანიშნავია, რომ შესაძლებლობები არ არის და ვეც იქნება შეუზღუდავი, საჭიროა მხარეთა ურთიერთმოთხოვნათა რეალიზაციისთვის გარკვეული ზღვრის არსებობა, მისი ისეთი უნივერსალური პრინციპით დარეგულირება, როგორიცაა კეთილსინდისიერება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მედიაციის პროცესში მხარეთა და ადვოკატთა ქმედებებისთვის შესაბამისი, გონივრული და ადეკვატური ფარგლების დადგენა, მათ შორის, კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით.