რეცენზირების პროცედურა

აკადემიური ნაშრომის წარმოდგენის შემდეგ, ჟურნალის რედაქტორების მიერ ფასდება მისი შესაბამისობა ფორმალური დასაშვებობის მოთხოვნებთან, ციტირების სტანდარტთან, ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკასთან, მიზნებთან და თემატიკასთან.

პირველადი დასაშვებობის ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ აღმასრულებელი რედაქტორის მიერ ნაშრომი მოწმდება პლაგიატზე.

პლაგიატზე შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, ნაშრომი ეგზავნება ორ რეცენზენტს. რეცენზირების პროცესში შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი 1 უცხოელი და 1 ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობა.

რეცენზენტი შეირჩევა დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით და იგი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი (პრაქტიკული ან/და კვლევითი) გამოცდილება/კვალიფიკაცია შესაფასებელი ნაშრომის კვლევის სფეროში. რეცენზენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ  იყოს აფილირებული იმავე აკადემიურ ინსტიტუციასთან, რომელთანაც აფილირებულია ნაშრომის ავტორი.

რეცენზენტების ვინაობა ანონიმურია, ერთი მხრივ, ავტორისთვის, მეორე მხრივ, თავად შერჩეული რეცენზენტებისთვის. რეცენზენტების ანონიმურობა უზრუნველყოფილი და დაცულია, როგორც რეცენზირების პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. 

სამეცნიერო ნაშრომის დროული შეფასების შეუძლებლობა ან შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის არქონა, საჭიროებს რეცენზენტის მიერ მმართველი რედაქტორის წერილობით ინფორმირებას გონივრულ ვადაში.

რეცენზენტები ხელმძღვანელობენ ნაშრომის შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით და შეფასების წერილობით ანგარიშს (ფარული რეცენზირების ანგარიშის ფორმა - დანართი №4) წარუდგენენ მმართველ და აღმასრულებელ რედაქტორებს გამოსასწორებელი ხარვეზების შესახებ ავტორების შემდგომი ინფორმირების მიზნით.

რეცენზენტი უფლებამოსილია, სარეცენზიო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, ცალკეული რჩევით მიმართოს ჟურნალის რედაქტორებს, რაც არ ჩაითვლება შეფასების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპთა დარღვევად.

რეცენზენტების მიერ შესაძლებელია გაიცეს ერთ-ერთი შემდეგი რეკომენდაცია:

ა) ნაშრომი შესაძლებელია გამოქვეყნდეს სამეცნიერო ჟურნალში არაარსებითი ტექნიკურ-შინაარსობრივი რედაქტირების შემდეგ;

ბ) ნაშრომი მოითხოვს არსებით რედაქტირებას გამოქვეყნებამდე;

გ) ნაშრომი არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.

რეცენზენტის მიერ გაცემული ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაცია საჭიროებს შესაბამისი მითითებებისა და განმარტებების დართვას  შეფასებულ  ნაშრომზე.

თუ ნაშრომის გამოქვეყნებაზე რეცენზენტების მიერ გაიცა ნაშრომში ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაცია, მმართველი და აღმასრულებელი რედაქტორები წარმართავენ ავტორთან  კომუნიკაციასა და კოორდინირებას უწევენ ავტორის მიერ ხარვეზის  გასწორების პროცესს.

მმართველი რედაქტორის მიერ ფასდება ნაშრომში ავტორის მიერ რეცენზენტების რეკომენდაციის გათვალისწინების ხარისხი.

რეცენზენტების დასკვნების საფუძველზე მმართველი რედაქტორი ამზადებს წარდგინებას მთავარი რედაქტორისთვის ნაშრომთა გამოქვეყნების საკითხის შეფასებისა და სარედაქციო კოლეგიისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შემდგომი წარდგენის მიზნით.

მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით, ჟურნალის გამოცემის პერიოდულობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ნაშრომი შესაძლებელია გამოქვეყნდეს ჟურნალის მომდევნო ნომერში იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტთა ხარვეზების გასწორება დაკავშირებულია ხანგრძლივ დროსთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს ჟურნალის დროული გამოცემა ან არსებობს ნაშრომის მომდევნო ნომერში გამოქვეყნების სხვა ობიექტური საფუძველი.

ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ავტორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, რეცენზენტთა ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ეგზავნება რეცენზენტების დასკვნა.